კულტურა
კითხვის სავარაუდო დრო 4 წუთი

ფინანსური ანალიტიკა ყველასთვის

ფინანსური ანალიტიკა ყველასთვის
გიორგი ჩუგოშვილის მიერ დაარსებული Amadeo ფინტექ-პლატფორმაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ისეთ ფინანსურ ანალიტიკას სთავაზობს, როგორიც აქამდე მხოლოდ დიდი კომპანიებისათვის იყო ხელმისაწვდომი. მომხმარებელთა დაკარგვის ნულოვანი მაჩვენებელი და 240,000 ლარის ოდენობის მოზიდული ინვესტიცია მიანიშნებს, რომ ახლად შექმნილ სტარტაპს აქვს პოტენციალი, მთელი ბიზნესგარემო გააუმჯობესოს.

სტატია შექმნილია საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელთან, Axel-თან პარტნიორობით. Forbes Georgia-მ და Axel-მა ერთობლივად შეიმუშავეს სია, რომელიც ქვეყნის ყველაზე პერსპექტიულ სტარტაპებს წარმოადგენს. ეს სია ასახავს ადგილობრივ ბაზარზე შექმნილი კომპანიების პოტენციალს, რომლებიც ფინანსური მიღწევებით, ტექნოლოგიური ინოვაციებით და გლობალური ექსპანსიის პერსპექტივით გამოირჩევიან. Amadeo სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

გიორგი ჩუგოშვილის მიერ დაარსებული Amadeo ფინტექ-პლატფორმაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ისეთ ფინანსურ ანალიტიკას სთავაზობს, როგორიც აქამდე მხოლოდ დიდი კომპანიებისთვის იყო ხელმისაწვდომი. მომხმარებელთა დაკარგვის ნულოვანი მაჩვენებელი და 240,000 ლარის ოდენობის მოზიდული ინვესტიცია მიანიშნებს, რომ ახლად შექმნილ სტარტაპს აქვს პოტენციალი, მთელი ბიზნესგარემო გააუმჯობესოს.

როცა საქართველოში მოქმედი კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს არ შეუძლია დახვეწილი ფინანსური ანალიზისათვის თვეში 3,000-დან 10,000 ლარამდე გადაიხადოს, დამფუძნებლებსა და დირექტორებს მნიშვნელოვანი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით უწევთ. გიორგი ჩუგოშვილმა, რომელსაც ფინანსების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამ სისტემური გამოწვევის საპასუხოდ Amadeo შექმნა — ფინტექ-პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს რელევანტურ, დროულ და ხელმისაწვდომ ანალიტიკას სთავაზობს.

საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან დასაყრდენ ძალას სწორედ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი წარმოადგენს. საქსტატის თანახმად, SME-სექტორზე საქართველოს ბიზნესსექტორის ჯამური ბრუნვის 33% და დასაქმებულთა თითქმის 60% მოდის. პარადოქსი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრულ აღრიცხვას ყველა კომპანია აწარმოებს, მათი უმეტესობა ამავე მონაცემებს ბიზნესმიზნებისათვის ვერ იყენებს.

“ბუღალტერია ხშირად გაუგებარია დამფუძნებლებისა და დირექტორებისთვის. ციფრებს მიღმა დინამიკის დანახვა — როგორ იცვლება კომპანიის მდგომარეობა თვიდან თვემდე — მარტივი არ არის”, — ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.

მონაცემების დაგროვებასა და მათ ანალიზს შორის გაწყვეტილი რგოლი სისტემურ პრობლემებს ქმნის. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად დიდ კორპორაციებს ფინანსური ანალიტიკოსებისაგან დაკომპლექტებული გუნდები ჰყავთ, რომლებიც ბუღალტრულ მონაცემებს სტრატეგიულ პუნქტებად გარდაქმნიან, მცირე ბიზნესები კი რთული ამოცანის წინაშე რჩებიან: ან შემოსავლის მნიშვნელოვანი წილი უნდა დახარჯონ პროფესიონალურ ანალიტიკაზე, ან — ბრმად მიიღონ ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

ფინანსური ანალიზის გარეშე თითქმის შეუძლებელია მომხმარებლის სეგმენტების იდენტიფიცირება, ფასების ოპტიმიზაცია და კრიზისების პროგნოზირება. შედეგად, მცირე ბიზნესები მუდმივად არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან და დიდ კომპანიებს ვერ უწევენ კონკურენციას.

სანამ Amadeo-მდე მოვიდოდა, გიორგი ჩუგოშვილმა არაერთ სფეროში და პოზიციაზე მოსინჯა საკუთარი ძალები. 27 წლის ასაკში უკვე ერთ-ერთი კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო. როგორც თავად აღნიშნავს, რიცხვებთან ურთიერთობა ყოველთვის იტაცებდა: “თავისუფალ დროს ვიღაც ისვენებს, ვიღაც ხატავს, მე რიცხვებს ვუყურებ ხოლმე: აბა, ბიუჯეტში რა ხდება, საგარეო ვაჭრობა როგორ მიდის და ასე შემდეგ… რიცხვებზე დაკვირვებით ვიქმნი ქვეყანასა თუ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე წარმოდგენას.”

გიორგის გონებაში რიცხვებით გატაცება მორიგი სტარტაპის იდეად მაშინ გარდაიქმნა, როცა საკუთარი კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გასაანალიზებლად Excel-ის ცხრილების ხელით შექმნა მოსწყინდა. “ის მიადვილებდა საქმეს, რომ ერთი კომპანიისთვის შექმნილმა Excel-ის ფაილმა სხვა კომპანიის მონაცემების შემთხვევაშიც იმუშავა. მაშინ მივხვდი, რომ ეს პროდუქტი პოტენციურად ბევრი კომპანიისთვის იქნებოდა საინტერესო”, — იხსენებს გიორგი.

Amadeo-ს გუნდმა თავიდანვე უარი თქვა ახალი ბუღალტრული პროგრამის შექმნაზე და გადაწყვიტა, ინოვაციური პროგრამული გადაწყვეტა ბაზარზე უკვე ფეხმოკიდებული ბუღალტრული პროგრამებისთვის მოერგო. ბუღალტერიაში ორმაგი ჩაწერის პრინციპი უკვე 500 წელია, რაც გამოიყენება.

“დებეტის ანგარიში, კრედიტის ანგარიში, თანხა და თარიღი — ეს ოთხი ველი ყველაფრის საფუძველია. ეს სტრუქტურა მუშაობს საქართველოშიც, აშშ-შიც, ევროპაშიც და ავსტრალიაშიც. დაახლოებით ისეთივე უნივერსალური ენაა, როგორიც — რიცხვები”, — აღნიშნავს გიორგი.

სწორედ ეს უნივერსალურობა ქმნის ხელსაყრელ ნიადაგს ისეთი ციფრული პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს შეიძლება გამოადგეს — ზომისა თუ ინდუსტრიის მიუხედავად. დღეს Amadeo-ს ინტეგრაცია შესაძლებელია საქართველოში გავრცელებულ თითქმის ყველა საბუღალტრო პროგრამასთან. ამ სტრატეგიის ამოსავალი წერტილი მომხმარებლის კომფორტია: კომპანიებს პროცესების გადაწყობა არ უწევთ და Amadeo-ს დანერგვასაც მხოლოდ 20-30 წუთი სჭირდება.

“მონაცემები უკვე არსებობს ამ პროგრამებში — უბრალოდ, მათ ანალიზი აკლიათ. ჩვენ სწორედ ეს რგოლი დავამატეთ”, — ამბობს გიორგი.

Amadeo-ს დახმარებით ამჟამად შესაძლებელია ფინანსური ტენდენციების დანახვა, ხარჯების ანალიზი და პროგნოზირება, ასევე — იმ დოკუმენტების მარტივად დაგენერირება, რომლებიც კომპანიებმა საზედამხედველო ორგანოებში უნდა წარადგინონ. “მთავარი პრინციპი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, არის კლიენტების ‘გადინების’ ნულოვანი ნიშნულის შენარჩუნება”, — ამბობს გიორგი ჩუგოშვილი. “დღესდღეობით, ყველა, ვინც Amadeo დანერგა, ისევ ჩვენი პარტნიორია.”

მომხმარებლების უკუკავშირის შედეგად პროდუქტი მუდმივად ვითარდება და პლატფორმას ახალი ფუნქცია თითქმის ყოველკვირა ემატება. გიორგი ჩუგოშვილის წინა სტარტაპისგან (Phubber) განსხვავებით, რომელიც რთული ლოგისტიკური პრობლემების გადაჭრასა და მარაგების მართვას საჭიროებდა, Amadeo სრულიად ციფრული პროდუქტია მინიმალური ოპერაციული ხარჯებით. ეს ბიზნესმოდელი სტარტაპს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო დონეზე ხარჯების პირდაპირპროპორციული ზრდის გარეშე გაფართოვდეს.

2024 წლის მიწურულს დაარსებული სტარტაპის ანგარიშზე უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმატებაა: Amadeo-მ GITA-ს 150,000-ლარიანი გრანტი მოიპოვა. გარდა ამისა, ფინტექ-სტარტაპმა საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა კავშირის, Axel-ის 21 ინვესტორიც დააინტერესა.