კულტურა
კითხვის სავარაუდო დრო 4 წუთი

არქიტექტურა როგორც მოძრაობა

არქიტექტურა როგორც მოძრაობა

ჩვენ – საზოგადოება, ადამიანები, ურთიერთობები, ალგორითმები და ინფორმაცია – ეს ყოველივე ცოცხალია, მოძრაობს და ყოველდღიურად აისახება მატერიალურ სამყაროში, გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ – სახლებში, ქუჩებსა და არქიტექტურაში.

დღევანდელი საზოგადოება მიჩვეულია აღიქვას არქიტექტურა, როგორც სტატიკა და მხოლოდ მატერიალური მხარე, მაგრამ სოციალური არქიტექტურა, რომელიც იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა ადამიანებისა და მათი სოციუმის ირგვლივ, რომელიც ტრანსფორმირდება მათი ხედვისა და მოთხოვნილებების შესაბამისად, თითქოს მოძრაობს და ცოცხალია, ისევე როგორც ჩვენ.

სალომე ყიფიანი, ქართველი არქიტექტორი და დიზაინერია. ის დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, არქიტექტურულ ფირმაში მუშაობს და იკვლევს არქიტექტურის არასტანდარტულ როლსა და მის ეფექტს ფიზიკურ და ციფრულ სამყაროებში. განათლება Architectural Association-ში მიიღო და მას შემდეგ მუშაობდა და მუშაობს სხვადასხვა ინტერდისციპლინარულ პროექტებზე. მისი სტატიები “Deepfake cities” Trans Magazine-ში, ხოლო პროექტი “Tracing the cloud” გამოცემა “Ellipses Journal”-ში გამოქვეყნდა.

სალომეს ინტერესი და ნამუშევრები სოციალური მშენებლობის ირგვლივ ტრიალებს. მისთვის საზოგადოება უპირველეს ყოვლისა ზრუნვაა, ხოლო არქიტექტურა დამხმარე ძალა. არქიტექტორის თქმით, სივრცე პირდაპირ ეფექტს ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიაზე და შესაბამისად, ურთიერთობებზეც. სივრცე უნდა იყოს ზრუნვის ელემენტი და არა შემჭიდროების. სივრცე და მისი სწორი მოწყობა შესაძლებელია დაეხმაროს ადამიანს სხვადასხვა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.

ცოტა რამ სოციალურ არქიტექტურაზე: მისი მთავარი ასპექტი არის ადამიანებისა და მათი ცხოვრების გაუმჯობესება. სივრცის შექმნა, რომელიც აერთიანებს, ზრუნავს და საჭირო ინფორმაციასა თუ ფუნქციას ატარებს მცხოვრებთა მოთხოვნებიდან გამომდინარე. ნაგებობა უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით. ამის გამო ხშირად სოციალური არქიტექტურა ვიზუალურად შესაძლებელია ამოვარდნილადაც მოგეჩვენოთ, ყოველ შემთხვევაში ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ მისი დაფინანსება არ გახდება პრიორიტეტული. თუმცა დღევანდელ სამყაროში, სადაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვნად იჭრება ციფრული რეალობა, აუცილებელია მისი ეფექტის გათვალისწინებაც და არქიტექტურასა და დიზაინში მისი სწორი ინტეგრირება. სწორედ სოციალური არქიტექტურისა და ციფრული ეფექტის სინთეზს იკვლევს სალომე თავის პროექტებში. დღევანდელ რეალობაში ადამიანის ფსიქოლოგიაზე, მის განწყობასა და ცხოვრებაზე არა მხოლოდ სივრცე, არამედ ალგორითმებიც ახდენენ ზეგავლენას.

მაგალითისთვის, პროექტი Data Rituals ნათლად ასახავს ტექნოლოგიებისა და არქიტექტურის განუყრელ კავშირს ჩვენს დროში. სწორი ალგორითმებით შემდგარი ინფრასტრუქტურა, რომელიც ანაცვლებს “doomscrolling”-ს და მატერიალიზდება დიზაინში, ადამიანის რუტინასა და ქცევაში დადებით ცვლილებებს იწვევს, რადგან ხმაურიანი კონტენტი ნაცვლდება მშვიდი, რუტინული “ფიდით”. პროექტს სურს მისცეს ინდივიდებს ადგილი, ოთახი, რომელიც იარსებებს ტელეფონების ეკრანებს მიღმა, საერთო სივრცე ფიქრისთვის, შეკრებებისა და შემოქმედებისთვის. Data Rituals ციფრულს ხდის სივრცეს, რათა უსასრულო “სქროლვის” წეს-ჩვეულება გარდაიქმნას შემოქმედებით და ფუნქციურ ქმედებად.

კაპიტალისტურ სამყაროში არქიტექტურისა და საზოგადოების ურთიერთქმედების წესი, უძველესი დროის დასახლებებისაგან ძალიან განსხვავდება. ოდესღაც ყველაფერი შენდებოდა საზოგადოების ირგვლივ და არ მიმდინარეობდა სივრცის ისეთი პრივატიზაცია, როგორც ახლა. მსგავსი სეგრეგაცია უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ბუნებასა და კლიმატზეც.

სალომე სწორედ ამ დაკარგული ურთიერთქმედების აღსადგენად იბრძვის თავის პროექტში, სახელწოდებით Interim now! ავტორი პირველ რიგში იკვლევს ლონდონის სამხრეთში, Packham-ის უბნის საცხოვრებელ რაიონებში ჯერ კიდევ აუთვისებელ სივრცეებს. პროექტი მოუწოდებს საზოგადოებას გაერთიანდეს, რათა შექმნას ის მრავალფუნქციური გარემო, რომელიც აღადგენს დასუსტებულ სოციალურ უნარებს, რომლებიც თანდათანობით გაიცვითა და დაიკარგა კაპიტალისტურ სამყაროში.