კითხვის სავარაუდო დრო 2 წუთი

როგორ რეაგირებს საფონდო ბირჟა FED-ის მიერ განაკვეთის ზრდაზე? – ისტორიული ანალიზი

როგორ რეაგირებს საფონდო ბირჟა FED-ის მიერ განაკვეთის ზრდაზე? – ისტორიული ანალიზი

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით ზრდის შემდეგ, უოლ-სტრიტზე მოკლევადიანი კორექციის მოლოდინი გაჩნდა, რაც უსაფუძვლო ნამდვილად არ არის.

ისტორიული მონაცემების მიხედვით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საწყის ეტაპზე საფონდო ინდექსები ვარდნას იწყებენ. კერძოდ, განაკვეთის პირველი ზრდიდან 3 თვის განმავლობაში S&P 500-ის ინდექსი საშუალოდ 2.6%-ით ეცემა.

თუმცა მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ინვესტორების მთავარ საზრუნავად ახლა ცენტრალური ბანკის სამომავლო ნაბიჯების სიმკაცრე გვევლინება, რადგან გამკაცრების ეს ციკლი, შესაძლოა, საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდეს და ჯამში 2-3 ინტერვენცია ვიხილოთ, რომელიც, წესით, S&P 500-ის მკვეთრ ვარდნას არ გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს S&P 500-ის ღირებულება უკვე 12.5%-ით გაიზარდა, რადგან კორპორაციულმა ფინანსურმა შედეგებმა ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური რისკები წარმატებით გადაწონა. ანალიტიკოსების შეფასებით, ირანის ომის და მის მიერ გამოწვეული ინფლაციის გარეშე, ამერიკული ინდექსი თითქმის 2-ჯერ უკეთესი შედეგის დაფიქსირებასაც შეძლებდა.

ამჟამად ინვესტორები ფიქრობენ, მიმდინარე გამკაცრების ციკლი შედარებით რბილი იქნება და განაკვეთი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმ 4.8%-იან ნიშნულს მიაღწევს. ანალიტიკოსების შეფასებით, ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ჯამში მხოლოდ 1 პროცენტული პუნქტით გაამკაცრებს, რაც ეკონომიკური ზრდისთვის ნაკლებად დამაზიანებელია. თუმცა, მთავარ კითხვად მაინც ის რჩება, თუ რამდენად შორს მოუწევს მარეგულირებელს წასვლა, რადგან თუ კევინ უორშს დავუჯერებთ, ის ინფლაციის დასამარცხებლად ყველაფერს იზამს, თუმცა თავად ინფლაცია არა FED-ზე, არამედ ირანის ომით გაძვირებულ ნავთობზეა დამოკიდებული, ამიტომ რეფინანსირების განაკვეთით ამ ინფლაციური პრობლემის გადაჭრა საკმაოდ რთული ჩანს.

და მაინც, ისტორიული სტატისტიკის გათვალისწინებით, საწყისი ვარდნის მიუხედავად, საფონდო ბირჟა ძალების აღდგენას საკმაოდ სწრაფად ახერხებს. საპროცენტო განაკვეთის პირველი ზრდიდან ერთი წლის თავზე, როგორც წესი, S&P 500 საშუალოდ 6.8%-ით იზრდება.