არის ამბები, რომლებიც არ მთავრდება პერსონაჟის სიკვდილის შემდეგ, პირიქით, ახალ სიცოცხლეს იწყებენ და თაობიდან თაობაში გადადიან – როგორც ტკივილი, როგორც ძალა და როგორც სიამაყე. ამბობენ, რომ საქართველოს ისტორია მეფეების ისტორიაა და უბრალო ადამიანები კი არ ჩანან. მე ვფიქრობ, ჩვენი ისტორია კაცების ისტორიაა და ქალები არ ჩანან. თუ გაკრთებიან, მხოლოდ იმიტომ რომ კაცებმა დიდსულოვნად გადაწყვიტეს მათი გამოჩენა. არადა გულსატკენია, ქალებს საერთოდ არ სჭირდებათ კაცებისგან აღიარება.
არადა ასეთი ამბები ძალიან მჭირდება, მასწავლებლები ხომ ყველანი მოსაწყენები ვართ ჩვენი რჩევა-დარიგებებით, ბავშვებს კი მაგალითი სჭირდებათ, ადამიანური მაგალითი.
მეცხრეკლასელებს მარო მაყაშვილზე მოვუყვებოდი. მოვუყვებოდი იმას, თუ როგორ გვაღიარა სახელშეცვლილმა რუსეთმა და შემდეგ როგორ დაგვესხა თავს 1921 წელს. როგორ ჩაეწერა მოხალისედ კოტე მაყაშვილის სტუდენტი გოგონა, მარო, და მოწყალების დად წავიდა ბრძოლის წინა ხაზზე. 19 თებერვალს 19 წლის მარო მაყაშვილს ყუმბარამ კეფა ჩაუმსხვრია. ის პირველი ქალია, ვისაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მარო მაყაშვილის სიმშვიდით, რწმენითა და გამბედაობით ნათქვამი:
„გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – იმედისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა ჩვენთვის.
ამბავი მეხუთეკლასელებისთვისაც მაქვს – ჩემი ნათლული დათუნასთვის, ანასა და ლიზისთვის. ეს ამბავი კი მარო მაყაშვილის ბებიაზეა, ეკატერინე გაბაშვილზე, მწერალზე, რომელიც თავისი კალმითაც და ცხოვრებითაც დაჩაგრულთა გულის დამცველი იყო. მისი ნაწარმოები „მაგდანას ლურჯა“ ხომ სოფლის ცხოვრებაზეა — სიღარიბეზე, ტკივილსა და იმედზე. მან საკუთარ სახლში გახსნა სკოლა, სადაც ობოლ ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვასა და ხელსაქმეს.
მეშვიდეკლასელებს კი ალექსანდრა ჯაფარიძეზე მოვუყვებოდი, ისინი ხომ ქანცს მაცლიან სირბილით, ფეხბურთის თამაშითა და ანცობით. ალექსანდრა პირველი მთამსვლელი ქალი იყო საქართველოში, რომელმაც მწვერვალი თეთნულდი დალაშქრა. და ეს იმ დროს, როცა ქალისთვის საზოგადოება უფრო ჩარჩოებს ქმნიდა, ვიდრე შესაძლებლობებს, მან სხვების კარნახით ცხოვრებას თავისუფლება არჩია. ასამდე ურთულესი ასვლა შეასრულა სხვადასხვა მწვერვალზე. მისი ცხოვრების ისტორია არის მაგალითი იმისა, რომ ქალებს შეუძლიათ „სხვების“ „დაწესებული“ საზღვრების გადალახვა.

