ადრიანა ლიმა და მისი ქალიშვილები - 16 წლის ვალენტინა და 13 წლის სიენა პირველ ერთობლივ კამპანიაში მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ იმ ბრენდს ეკუთვნის, რომელთანაც ლიმა ჯერ კიდევ მოზარდობისას თანამშრომლობდა, არამედ იგი სპეციალურად დედის დღეს ეძღვნება.
ფოტოსესია Victoria's Secret-ის დედის დღისადმი მიძღვნილი კამპანიის, Modeled After Mom-ის ნაწილია.
"ეს ჩემი ოცნება იყო და, როგორც დედა, თავს სრულფასოვნად ვგრძნობ", - აღნიშნავს ლიმა PEOPLE-თან საუბრისას ქალიშვილებთან ერთად ამ პროექტზე მუშაობის შესახებ.

44 წლის ლიმა ამბობს, რომ მის ორივე ქალიშვილს მომავალში დიდი წარმატების მიღწევის სურვილი აქვს - ერთს მსახიობობა, მეორეს კი მოდელობა უნდა. ამიტომ, ეს ფოტოსესია თითოეული მათგანისთვის მნიშვნელოვანი მომენტი აღმოჩნდა (ასევე დაგაინტერესებთ: "თუ თქვენ გაზიან სასმელებს არ სვამთ, მაშინ არც დაბადების დღის სუფრაზე დალიოთ. თუ რაფინირებულ შაქარზე უარს ამბობთ, ნურსად მიიღებთ" - ბელა ჰადიდისა და ადრიანა ლიმას ნუტრიციოლოგი რჩევებს გვიზიარებს)
"მათთვის ამ შესაძლებლობის მიცემა და ჩემი და ჩემი შვილების ერთობლივი ფოტოსესია მართლაც ჯადოსნური იყო. ეს განსაკუთრებული მომენტია, მით უმეტეს, დედის დღესთან დაკავშირებით. ისეთი დღეა, რომელსაც მეც და, ვფიქრობ, ისინიც მთელი ცხოვრება ვერასოდეს დაივიწყებენ. ეს ხომ მათი პირველი პროფესიონალური ფოტოსესიაა", - ამბობს ლიმა.

ზოი გროსმანის მიერ გადაღებულ ფოტოებში ლიმა, ვალენტინა და სიენა ისე იქცევიან, თითქოს, საკუთარ სახლში იყვნენ - ავეჯზე ხტუნავენ, ერთმანეთს ეხუტებიან და ბევრს იცინიან. მათ Victoria's Secret-ის კომფორტული სამოსი აცვიათ.
ერთ-ერთ ფოტოზე სამივე ერთმანეთზეა მიხუტებული და იღიმის. ლიმას თქმით, მათთვის ეს ჩვეული მდგომარეობაა.
"მგონი, ჩვენი ფავორიტი ის ფოტოა, სადაც ტახტზე ვწევართ. მე ქვემოთ ვარ, ვალენი და სიენა კი ზემოდან მაწვანან - ერთგვარი დედა-შვილური "სენდვიჩი" გამოვიდა. ჩვენ ცხოვრებაშიც ასე ვიქცევით. ისინი ამას ხშირად აკეთებენ. ჩვენს ოჯახში შვიდნი ვართ, ამიტომ ხშირად ყველანი ერთად ჩემს ქმარს ვაწვებით ხოლმე", - ამბობს მოდელი.

ლიმას ქალიშვილები ყოფილი მეუღლისგან, მარკო იარიჩისგან ჰყავს, ამჟამად კი ანდრე ლემერსზეა დაქორწინებული. წყვილს 3 წლის ვაჟი, საიანი ჰყავს. მათ ოჯახს ასევე ლემერსის წინა ქორწინებიდან შეძენილი შვილები - მია და ლუპო ავსებენ.
მოდელი Victoria's Secret-თან 1999 წლიდან, 18 წლის ასაკიდან თანამშრომლობს. იგი PEOPLE-ს ეუბნება, რომ ახლა, როცა ბრენდის საქმიანობაში მისი თინეიჯერი ქალიშვილებიც ჩაერთნენ, თავს ბედნიერად გრძნობს.
"მათ ყოველთვის ვეუბნები, რომ რაც არ უნდა აირჩიონ ბედნიერებისთვის, მე მათ გვერდით დავუდგები. ვიცნობ ამ ინდუსტრიას, ყველას ვენდობი და მათ გამო თავს მშვიდად ვგრძნობ. თუ გადაწყვეტილებას არ შეიცვლიან, შესაძლოა ერთადაც იმუშაონ. მანამ, სანამ ამ სფეროში ყოფნა სურთ, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ. ხოლო თუ რამის შეცვლას და სხვა გზის ძიებას გადაწყვეტენ, ესეც მისაღებია", - აღნიშნავს ადრიანა ლიმა.
მიუხედავად იმისა, რომ ლიმას ქალიშვილებს მოდელობა სურთ, ადრიანა PEOPLE-ს უმხელს, რომ მათთვის კამპანიის დროს პოზირების შესახებ რჩევები არ მიუცია. ნაცვლად ამისა, მან შვილებს ბუნებრივად მოქმედების საშუალება მისცა. თუმცა, ხუმრობით ამბობს: "სხვათა შორის, რჩევა არც უკითხავთ".